ვინ გახდება ნაცმოძრაობის თავმჯდომარე – პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ბრძოლა დაწყებულია | 11.11.2022

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში დღეს კონსულტაციები გაიმართა.  როგორც ცნობილი გახდა შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი რომლებიც შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების წესებს დაადგენენ. ამ ეტაპზე პარტიაში არჩევნების ჩატარების თარიღი უცნობია. პოლიტსაბჭოს არჩევნებმა უნდა  გადაწყვიტოს მელია თავმჯდომარის პოსტს ვადის ამოწურვამდე დატოვებს თუ კიდევ ერთხელ მიიღებს პარტიის ხელმძღვანელის ლეგიტიმაციას. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შეკრებას მელიას მოწინააღმდეგეები არ ესწრებოდნენ.  ისინი, ვინც პარტიის თავმჯდომარის გადარჩევა საჯაროდ მოითხოვეს, დარწმუნებული არიან, რომ ნიკა მელიას ბევრი ღირსეული კონკურენტი ეყოლება.

ცნობილია, რომ არჩევნებში მელიას კონკურენტები გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე იქნებიან. ორივე მათგანი პარტიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან მწვავე დაპირისპირებაში იმყოფება. გამორიცხული არ არის კონკურენტების სიას ლევან ხაბეიშვილიც დაემატოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავმდჯომარეობის კანდიდატებს შორის, შესაძლოა, ლევან ვარშალომიძეც იყოს.

სხვა ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შიდაპოლიტიკური საკითხები თავად უნდა გადაწყვიტონ. ხოლო მმართველ პარტიაში  არ გამორიცხავენ, რომ პროცესი  შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის” დაშლით დასრულდეს.

საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის”, წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა  9 ნოემბერს, პრესკონფერენცია გამართა. ირაკლი ნადირაძეს და “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონების ხელმძღვანელებს, მეტი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე, უფრო მოქნილი და აქტიური პარტია სურთ  და გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავენ. ნიკა მელიამ გამოწვევა მიიღო და შიდაპარტიულ არჩვენებში ბრძოლა დაანონსა.