გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ახლავე! – “ალდე” მოთხოვნას ღარიბაშვილს ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის | 11.11.2022

“გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ახლავე!” – ამ სათაურით „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“  ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვს და შესაბამის წერილს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის. “ალდეს” წევრები ამბობენ, რომ  ევროპულ გზაზე საქართველოს პირველი ნაბიჯი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა,  რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს. პარტიის წევრებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით ვიდეო Twitter-ზეც გაავრცელეს და მოქალაქეებსაც მოუწოდეს, ანალოგიური მოთხოვნით ღარიბაშვილს მეილი გაუგზავნონ. საქართელოს პრემიერ-მინისტრმა  ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებები შემდეგი სათაურებით მიიღო: “გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია, ახლავე!”;  “საქართველოს სჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია!”; “საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას”.

ევროპარლამენტარების გზავნილებს უპრეცედენტოს უწოდებს ოპოზიცია. “სტატეგია აღმაშენებელის” წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ უპრეცედენტოა, როდესაც ევროპარლამენტარები ოფიციალურ წერილებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალურ მეილზე უგზავნიან. ჩიხლაძის თქმით სწორედ სამი ოპოზიციური პარტიის ევროპელ კოლეგებთან სისტემური მუშაობის შედეგად გადაწყდა, რომ ისინი საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი ლობისტები გახდებიან. დაიგეგმა საქართველოს მხარდამჭერი კამპანია, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება.

“ქართულ ოცნებაში”  ევროპარლამენტარების მოწოდება ნიკა გავრამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ალოგიკურად მიაჩნიათ. ამბობენ, რომ  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაკავშირება კრიმინალის გათავისუფლებასთან შეუსაბამოა. მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნაით რომ “ალდეს” განცხადება სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის და წნეხის მოხდენის მცდელობაა.