რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ვინ გახდება პარტიის ახალი თავმჯდომარე | 10.11.2022

ნიკა მელიას მომხრე თუ მოწინააღმდეგე – “ნაციონალური მოძრაობა” ახლა ორ ბანაკად არის გაყოფილი. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირიპირება ახალ ეტაპზე გადავიდა. ნაციონალური მოძრაობა ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება, გუშინ პარტიის წევრთა ნაწილმა ცვლილებები და ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვა, ამ ადამიანებს შორისაა თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ნადირაძეც. ვინ იქნება ნიკა მელიას კონკურენტი ეს ჯერჯერობით უცნობია. პარტიის წევრთა ნაწილი ამ ეტაპზე კანდიდატების დასახელებისგან თავს იკავებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელიას შემცვლელად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ხატია დეკანოიძე, პეტრე ცისკარიშივლი და ლევან ვარშალომიძე აპირებენ, თუმცა დეკანოიძემ და ცისკარიშვილმა დღეს ეს ინფორმაცია უარყვეს.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არც “ნაციონალური მოძრობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი აპირებს. თუმცა ის მიესალმება ინიციატივას, რომელიც განახლებას, მეტ ღიაობას და თავმჯდომარის არჩევას უკავშირდება.

რეფორმებისა და ცვლილებების აუცილებლობაზე პარტიაში თანხმდება ყველა, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის პირობებში შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნა უადგილოა. ამბობენ, რომ ახლა უმნიშვნელოვანესი საკითხი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა, რის შემდეგაც შიდაპარტიული საკითხების გადაჭრა აქტუალური იქნება.

ნიკა მელიას მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფი ირაკლი ნადირაძე იმედოვნებს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის იბროძოლებენ რადგან მიაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ბევრი ღირსეული ადამიანი ჰყავს. ნადირაძე ასევე აღნიშნავ,ს რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილის მოთხოვნას, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თაობაზე, პარტიის კიდევ ასეულობით წევრი უერთდება და აღნიშნული იდეის მხარდამჭერთა რაოდენობა საათობრივად იზრდება. ნადირაძე თვლის, რომ ახალი არჩევნები “ნაციონალურ მოძრაობას” გააძლიერებს.