ევროპარლამენტში მომზადებული დოკუმენტი და შეფასებები თბილისში | 09.11.2022

“გუშინ მიღებულ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს”ასე აფასებს დედაქალაქის მერი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციას. კახა კალაძისთვის განსაკუთრებით მიუღებელი  დოკუმენტში ბიძინა ივანიშივლზე გაკეთებული ჩანაწერი აღმოჩნდა.

ბრიუსელში მომზადებული დოკუმენტი პოლიტიკური ბრალდებების და შეფასებების მთავარი ობიექტია. “გირჩი მეტი თავისუფლების”, “დროას” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ “ქართული ოცნება” პირობების შესრულებას არ გეგმავს, რადგან ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ.  ამბობენ, რომ  აუცილებელია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიდგომები შეცვალოს. მათი თქმით, დოკუმენტში ქვეყნის უკუსვლაზეა საუბარი, ამიტომ მნიშნელოვანია მოსახლეობის და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს.

პოლიტიკური პატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყნას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მცირე შანსი აქვს – ამაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ამბობენ, რომ დოკუმენტი ცალსახად ადასტურებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, რომელსაც მხოლოდ “ქართული ოცნება” ვერ ხედავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ  ევროპარლამენტარების რეკომენდაციების შესასრულებად  მმართველი გუნდს პოლიტიკური ნება  არ აქვს.

გუშინ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.  დოკუმენტი  მოიცავს ჩანაწერებს მედიამფლობელებზე, დეოლიგარქიზაციასა და მიხეილ სააკაშვილზე. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. დეოლიგარქიზაციის კუთხით საუბარია კერძო ინტერესების გადაჭარბებულ ზეგავლენაზე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნათქვამია, რომ ეს განსაკუთრებით  ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეხება. დოკუმენტში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაშია. ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელები საქართველოში ხშირად პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდებიან. ნახსენებია, როგორც ფორმულას ასევე ტვ პირველის დამფუძნებლები და დირექტორები.  ევროპარლამენტარები ასევე  მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურანლოდ, .