“თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს დამოკიდებულება ამ კვლევებთან დაკავშირებით, პირველ რიგში იმის გამო, რომ ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს IRI-ისთვის შესაბამის კვლევით სამუშაოებს” – ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას ენდობა თუ არა “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევას. მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, IPM, რომელმაც კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა, პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – 12%. სხვა პარტიებს 3%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვთ. ცდომილების ზღვარი დაახლოებით 2.5%-ია. IRI-ს კვლევას მმართველი გუნდი არ ენდობა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა 64% საქართველოს მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მოიპოვებს. ოპოზიციის შეფასებით, კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში დეპრესიული განწყობა ჭარბობს. მათი თქმით, მოქალაქეები დღითიდღე უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ მმართველ პარტიას ქვეყანა კატასტროფამდე მიჰყავს.
ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ IRI-ს კვლევის შედეგები პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობას აჩვენებს.
სამართლიანი არჩევნების” დირექტორის განცხადებით, IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანებს აწუხებთ ეკონომიკა, მაღალი ფასები, უმუშევრობა და სიდუხჭირე. ამასთან, ნინო დოლიძე განმარტავს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ინტეგრაციის მომხრეა, იმ ფონზეც კი თუ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეწყდება.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, -s გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%-s. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.