პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებს – ოპოზიცია გვარამიას შეწყალებაზე | 08.11.2022

მიიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას – ევროპარლამენტარების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების  მოწოდების მიუხედავად – პრეზიდენტი განმარტებებს არ აკეთებს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ აუცილებელია ზურაბიშვილმა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების გზავნილი გაიზიაროს და მედიამენეჯერი საპატიმროდან გამოუშვას.

“მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში 2 ნოემბერს  დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ქვეყნის  სტრატეგიული პარტნიორები სასამართლოს გადაწყვეტილებას ღიად აკრიტიკებენ. გუშინ 12მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართა. შესაბამისი დოკუმენტი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ გაასაჯაროვა.  ხელმომწერთა შორის არიან ანდრიას კუბილუსი, მირიამ ლექსმანი, ანა ფოტიგა  და სხვები.  განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან.