“მოგვარდეს ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის ცხოვრებაზე” – ევროპარლამენტის რეკომენდაციები | 08.11.2022

ევროპარლამენტი საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს.  ყველაზე დიდი ინტერესი ახლა იმ შესწორებების მიმართ არის, რომლის შეტანაც ევროპარლამენტარების ნაწილმა მოითხოვა. ვრცელ დოკუმენტში ერთ-ერთი მნიშნელოვანი შესწორება ოლიგარქიულ გავლენებს ეხება. ევროდეპუტატთა ნაწილი  ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. ევროპარლამენტარების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი ზუსტად 12-ჯერ არის მოხსენებული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.  წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტში ასევე გაჩნდება ჩანაწერი მედიამენეჯერებთან დაკავშირებითაც – საუბარია დავით კეზერაშვილზე, ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთელზე. კერძოდ ეს ცვლილებები ეხება ნიკა გვარამიას პატიმრობას და განაჩენის გადახედვას. ასევე მედიათავისუფლების უზრუნველყოფას. შესწორებები შეეხება მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც.

“ეს არის “ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკური განაჩენი” – ასე აფასებენ ბრიუსელიდან გზავნილებს ოპოზიციაში. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საგანგაშოდ მიაჩიათ ის ფაქტი, რომ მმართველი ძალა რუსეთთან კავშირებშია  ეჭვმიტანილი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობა  ევროპარლამენტის მიერ უკვე აღიარებულია, ოპონენტები მმართველ პარტიას დასავლეთის წინააღმდეგ წასვლას არ ურჩევენ.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. გაიმართება კენჭისყრაც,  რამდენიმე კვირაში კი ანგარიშს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.