“ოცნებას არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს – “ოცნებიდან” განდგომილების განცხადება | 07.11.2022

”ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები მორიგ  ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს” და “რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები”. მოძრაობა “ხალხის ძალა” ამერიკის საელჩოსთან ერთად კრიტიკულ ტელევიზიებს აკრიტიკებს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებებია ქცეული. ამასთან, მათივე თქმით, სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას უმძიმესი სენი სჭირს.

“ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად საქართველოში სწორედ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი მედიასაშუალებებია ქცეული. „დესამშობლოიზაცია“ ამ მედიასაშუალებების მთავარმა ლიდერმა საკუთარ მიზნად ღიადაც დააფიქსირა.  არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ მედიაში სიცრუე, ზიზღის ენა და რადიკალიზმი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. თუმცა, როგორც კი ვინმე ამ პრობლემის მოგვარების გზებზე დაიწყებს საუბარს, მაშინვე ე.წ. ლიბერალები გამოდიან აგრესიულად ავანსცენაზე და პრობლემის მოგვარებაზე ფიქრსაც კი გვიკრძალავენ. ანუ ყველა თანხმდება უმძიმეს დიაგნოზზე, მაგრამ გვიკრძალავენ სენის მკურნალობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ სენისგან ქვეყანა და საზოგადოება, უმარტივესი საკანონმდებლო რეგულირების გზით, ძალიან იოლად განკურნებადია. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, საელჩოს ფავორიტი რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების მხარდამხარ, ყველაზე აქტიურად არის ჩართული სწორედ მათთან დაკავშირებული მედია. აშკარაა, რომ ეს რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები. „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას,” – „ხალხის ძალა“-ს განცხადება.