პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა | 04.11.2022

სახალხო დამცველობის კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი შესარჩევ  გასაუბერებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, თუმცა საკუთარ კანდიდატურას არ ხსნის.  მან პარლამენტში მიმდინარე პროცესს შოუ უწოდა და თქვა, რომ  ხელისუფლების მიზანი დამოუკიდებელი, კვალიფიციური კანდიდატის შერჩევა არ არის. ნაზი ჯანეზაშივლისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა, პროცესში  პარლამენტის წევრის, იაგო ხვიჩიას მონაწილეობა.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმაც დღეს სახალხო დამცველობის პოსტზე კანდიდატურა მოხსნა გიორგი ცობეხიაა.  გადაწყვეტილება მან ადამიანის უფლებათა კომიტეტზე გასაუბრების დასრულების  შემდეგ მიიღო. დასკვნითი  სიტყვით გამოსვლისას  ცობეხიამ გადაწყვეტილების  მიზეზად  დღევანდელ პროცესზე ხელისუფლების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაასახელა.

ვიდრე გიორგი ცობეხია ამ ადაწყვეტილებას მიიღებდა მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მას საკუთრი პოზიციები არ დაუმალავს და თქვა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არასანდოა.  ცობეხიამ  ღიად განაცხადა, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშსვილი პოლიტპატიმები არიან.

კომიტეტის სხდომაზე საკუთარი სიტყვა თქვა  ომბუდსმენობის კანდიდატმა  და პარტია “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ. ოპოზიციონერი დეპუტატი იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, სახალხო დამცველის 2 მოადგილის არჩევის შესაძლებლობას სთავაზობს, რითაც მისი თქმით, ეს პარტიები საკუთარი პრიორიტეტების განხორციელებას შეძლებენ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგების კითხვებსაც უპასუხა. იაგო ხვიჩია ამბობს, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პოლიტპატიმრები არიან, ბიძინა ივანიშვილი კი ოლიგარქი არ არის.

სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში განაცხადი თავდაპირველად 19 პირმა წარადგინა, მათგან სამმა კი კანდიდატურა მოხსნა. პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს. სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.