ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი “ქართული ოცნების” წევრებმა და პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა დაუჭირეს. “ოცნების” კანონპროექტმა ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ნაწილმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო. “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე დეპუტატებმა გუშინ პრელნარულ სესიაზე იმსჯელეს. ხუთსაათიანი განხილვა კანონმდებელებს შორის მწვავე დებატებში გადაიზარდა. მიუხედავად ამისა, მმართველმა გუნდმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაიტანა კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში უკვე მიღებული კანონის იდენტურია.
სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის დამოკიდებულების მიღმა დესტრუქცია და რეკომენდაციების შესრულებაში ხელის შეშლა იკვეთება. ამტკიცებენ იმასაც, რომ „დეოლიგარქიზაციის კანონი“ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე არ გავრცელდება. ამავე დროს მმართველი პარტია წინასწარ აანონსებს თუ ვინ მოხვდება ოპოზიციიდან ოლიგარქთა რეესტრში. საუბარია ყოფილ თავდაცვის მინისტრზე და ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელზე, დავით კეზერაშვილზე, ასევე “ლელოს” ლიდერებზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე.
ოპოზიცია “ქართული ოცნების” კანონპროექტს თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა. ამბობენ, რომ ცვლილებები ფასადურია და ევროკომისიის რეკომენდაციებს საერთოდ ვერ პასუხობს. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონის უკრაინული ვერსია საქართველოში არსებულ რეალობას არ შეესაბამება. ხელისულფების ოპონენტებს მიჩნიათ, რომ აღნიშნული კანონი მმართველი პარტიის ხელში პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცევა. “ნაციონალური მოძრაობა” აანონსებს, რომ კონსულტაციების გავლის შემდეგ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას დაარეგისტირებენ.
დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მოთხოვნა იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შეასრულოს. “ქართული ცონების” დეპუტატების მეირ მომზადებული პროექტი უკრაინულ მოდელს ეფუძნება – მხოლოდ ერთი განსხვავებით, ოლიგარქს უკრაინაში პრეზიდენტს დაქვემდებარებული საბჭო, საქართველოში კი პარლამენტი დაადგენს. ოლიგარქად კი მიიჩნევა ის პირი, ვისაც საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტი შემოსავალი აქვს, მონაწილეობს პოლიტიკაში და აქვს გავლენა მედიაზე.