ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა. საუკუნის საქმეზე სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი – სამართლიანი სასამართლოს უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს, შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა. სტრასბურგის გადაწყვეტილებით კმაყოფილი თავად დეკანოზი. გიორგი მამალაძესთან, დღეს, მისი ადვოკატი, დავით ჯანდიერი იმყოფებოდა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა, თორნიკე მამალაძე ეხმაურება. როგროც დეკანოზის ძმა ამბობს მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე. დეკანოზის ძმის განცხადებით, მსჯავრდებულის მდგომარეობა არის უმძიმესი და მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა მძიმე შედეგი დადგეს.
ციანიდის საქმის ოქროს მოწმე მეუფე იაკობმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მეუფე იაკობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დაჯერება უჭირს და ამბობს, რომ გიორგი მამალაძე სტრასბურგმა არა ორ მუხლში, არამედ ერთ მუხლში გაამართლა. მეუფე იაკობის თქმით მამალაძის მიმართ სასამართლო სამართლიანი იყო.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და „ციანიდის“ გამოყენებით პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.