საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და აცხადებს, რომ გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის ევროპული, დემოკრატიული მომავლის მკაფიო არჩევანს. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას.
“იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია,” – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება.