ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ, 11:00 საათზე გამოცხადდება. სასამართლოს მეორე ინსტანციაში მსჯავრდებული მედიამენეჯერის საქმის განხილვა 24 ოქტომბერს დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ, პროკურატურა კი, ყველა ეპიზოდში როგორც ნიკა გვარამიას, ასევე ზურაბ იაშვილის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.
პროკურატურა “მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კახა დამენიას კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ პორშეს ეპიზოდში. გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.