დავა ოცნებასა და ოპოზიციას შორის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით გრძელდება | 01.11.2022

კულტურის მინისტრის ადასტურებს მმართველი პარტიის მტკიცე პოზიციას, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება. თეა წულუკიანმა წინასწარ დაანონსა,  რომ ოლიგარქთა რეესტრში ერთერთი პირველი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი დავით კეზერაშვილი აღმოჩნდება. კულტურის მინისტრმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის ქმედებები საცირკო წარმოდგენას შეადარა და ოპონენტები ქვეყნის ბედით თამაშში დაადანაშაულა.

ოპოზიცია კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი არ იმჩნევს მკაფიო ჩანაწერს ევროკავშირის რეზოლუციაში, რომლის თანახმად, საქართველოს ერთადერთი ოლიგარქი ჰყავს და ის, ბიძინა ივანიშვილია. ხელისუფლების ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ მმართველი პარტია ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას არ აპირებს, რადგან ძალაუფლების დათმობის ეშინიათ. ოპოზიცია აცხადებს, რომ უკრაინული კანონი საქართველოს კონტექსტს არ ითვალისწინებს.  მათი შეფასებით  ეს კანონი, ხელისუფლების ხელში, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გადაიქცევა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გუშინ ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი ყველაზე სადავო პუნქტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო. დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მოთხოვნაა იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.  “ქართული ოცნების” დეპუტატების მეირ მომზადებული პროექტი უკრაინულ მოდელს ეფუძნება. კანონპროექტის მიხედვით ოლიგარქად მიიჩნევა ის, ვისაც აქვს საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტი შემოსავალი, აქვს პოლიტიკური ცხოვრება  და  გავლენა მედიაზე. ოლიგარქად მიჩნეულ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერა, პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური შინაარსის შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა და პრივატიზაციის პროცესში ობიექტების შესყიდვა.