დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში დასრულებულია | 28.10.2022

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება 3 ნოემბერს გამოცხადდება. მსჯავრდებული სასულიერო პირის ადვოკატები კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაზე მიუთითებენ. მთავარი საკითხებია – რამდენად სამართლიანად განიხილა სასამართლომ  ე.წ. ციანიდის საქმე, დაირღვა თუ არა მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია და ჰქონდა თუ არა საქართველოს პროკურატურას დეკანოზის  წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები.

თუ სასამართლო დაცვის მხარის არგუმენტებს გაიზიარებს, ხელისუფლებას გიორგი მამალაძის ციხიდან გათავისუფლება მოუწევს. გადაწყვეტილება 3 თვის განმავლობაში სტრასბურგში დარჩება, კიდევ ერთხელ გადაიხედება და საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა კომიტეტი მიიღებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. ციანიდის საქმეზე დააკავეს. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  დეკანოზი  ბრალს არ აღიარებს.