იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში მეორედ არჩევის შემდეგ მოსამართლეებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ღიად დაპირისპირება დაიწყეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები მათ დისკომფორტს ვერ შეუქმნის და სიმართლის თქმას აუცილებლად გააგრძლებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები, მურუსიძე-გვრიტიშივლის განცხადებებში “ქართული ოცნების” პოლიტიკური რიტორიკა ამოიკითხეს, ამბობენ, რომ ეს კიდევ უფრო აზიანებს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას. გარდა ამისა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაბრუნება სასამართლოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის არის სიგნალი, რომ ქვეყანაში რეალური სასამართლო რეფორმის გატარების პოლიტიკური ნება არ არსებობს.
“სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმით რეჟიმზე” – ეს სიტყვები დიმიტრი გვრიტიშვილს ეკუთვნის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეორე ვადით არჩეულმა მოსამართლე წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა და დიდი მხილებაც დაანონსა. გვრიტიშვილი ამბობს, რომ კლანი” სწორედ არასამთავრობო სექტორში მოქმედებს და არა სასამართლოში.
23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მეორე ვადით აირჩია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გუშინ პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი დაესწრნენ. მათ დაბრუნებას საბჭოში ოპოზიციისა და არასამთავრობოს სექტორის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ამას სხდომის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია.