„კლანი სასამართლო სისტემაზე კონტროლს აძლიერებს” | 25.10.2022

“ფასადური გადაწყვეტილება” – ასე  აფასებენ ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევას არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორში ამბობენ, რომ 23 ოქტომბერს გამართული მოსამართლეთა კონფერენცია,  ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ არ უნდა კომპელქტდებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მათივე განცხადებით, მსგავსი გადაწყეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მამრთველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის შესრულების პრინციპებს.

მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად 23 ოქტომბერს  აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დააყენეს, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი კანდიდატურა თავად დაასახელა. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელება განმარტა და თქვა, რომ გადაწყვიტა ყველას, ვისაც მის მიმართ პრეტენზია აქვს, პასუხი თავად გასცეს.  ადგილები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ პირადი განცხადების საფუძველზე საბჭო დატოვეს.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.