შალვა პაპუაშვილის ღია წერილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს | 24.10.2022

ევროსაბჭოს მიერ უკრაინის შესახებ რეზოლუციის მიღებიდან ათი დღის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ღია წერილით მიმართავს.  შალვა პაპუაშვილი ტინი კოქსისთვის გაგზავნილ წერილში განმარტავს რატომ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას “ქართულმა ოცნებამ”. პაპუაშვილი ამბობს რომ უკრაინისადმი სრული სოლიდარობის მიუხედავად, საქართველოს დელეგაციის წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა არ მიეცათ რეზოლუციის დამატებაში მიხეილ საკაშვილის შესახებ გაკეთებული ჩანაწერის გამო.  როგორც პაპუაშვილი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ქვეყნის მცდელობებს, კიდევ უფრო განამტკივოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.  შალვა პაპუაშვილი ასევე საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ასზე მეტ განაჩენზე, რომლებიც ეხება სააკაშვილის მმართველობისას ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ შორის წამებას და სიცოცხლის უფლების ხელყოფას 2004-2012 წლებში.

“ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება  ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში. გვჯერა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა. შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით,” – შალვა პაპუაშვილის წერილი PACE-ის პრეზიდენტს.