დაუწესებს თუ არა სანქციებს უკრაინის შემდეგ აშშ და ევროკავშირი ივანიშვილის ახლო გარემოცვას | 21.10.2022

უკრაინის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრის მოხვედას ნაციონალური მოძრაობა საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ რომ უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ადასტურებს იმას რომ  ივანიშივლის ოჯახის წევრებს ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან რუსეთში. ოპოზიციონერი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამოც რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, მოხვდნენ კაბაევასთან, აბრამოვიჩთან და სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად იმ სიაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და ეროვნულ ინტერესებს. უკრაინის მიერ ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების შემდეგ ოპოზიცია მტკიცებულებების შეგროვებას იწყებს.

დაუწესებს თუ არა უკრაინის შემდეგ- ივანიშვილის ახლო გარემოცვას  სანქციებს  ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი  – ეს ახლა მთავარი კითხვაა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დასავლელი პარტნიორები იგივე ნაბიჯს გადადგამენ.  ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ უკრაინის გადაწყვეტილება არის მკაფიო გზავნილი და გაფრთხილება ბიძინა ივანშივლისთვის, რომ ე.წ შავ  სიაში სწორედ ქართული ოცნების დამფუძნებელი აღმოჩნდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესება ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებაა.

ბიძინა ივანიშივილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ივანიშივლის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და შვილი ტიტე მამაცაშვილი – ასე გამოიყურება სანქცირებულთა სია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრის გარდა სანქცირებულთა სიაში  3 ქართველი ბიზნესმენი – დავით იაკობაშვილი, ასევე ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეებიც მოხვდნენ. სანქციები გულისხმობს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას, ასევე უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას და ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით სულ სანქციები 3 600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, რომელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. სანქცირებულთა შორის არიან პუტინის შვილი და ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი.