ვაკის პარკის ტრაგედიის საქმზე დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან – ცხრავე მათგანი ზაჰესის წინასწრი დაკავების იზოლატოშია მოთავსებული. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ, უმეტესობისთვის კი, დაკავება საერთოდ მოულოდნელი იყო. როგორც „გრინსერვის +“-ის თანამშრომლებისა და კომპანიის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და არანაირი შემხებლობა დოკუმენტაციის გაყალბებასთან, ან არასწორად შესრულებულ სამუშაოებთან არ აქვთ. დაკავებას არ ელოდა არც მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
დროებითი მოთავსების იზოლატორთან კომპანია “გრინსერვის +”-ის მეწილე მივიდა, რომელიც გამორიცხავს, რომ ექსპერტიზა გაყალბებული იყო. ამბობს, რომ კომპანია გამოძიების შედეგებით დაინტერესებულია და ყველა თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 9 პირი გუშინ დააკავეს. ესენი არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, “გრინსერვის+”-ის დირექტორი და მისი ორი თანამშრომელი. კონტრაქტორის ქვეკონტრაქტორები,”მშენ-ექსპერტის” დირექტორი და ორი შემდუღებელი. გამოძიების ინფორმაციით, შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ “გრინსერვის+”-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. გამოძიების ვერსიით მენეჯერმა ეს ინფორმაცია კომპანიის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს აცნობა, მან კი სამუშაოს შესრულება ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელს დაავალა. უწყების განმარტებით, ფირმის წარმომადგენელმა ეს საქმე კერძო ელექტროშემდუღებლებს დაავალა, რომლებმაც წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები. შსს-ს თქმით, ფურცხვანიძემ შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებული 9 პირის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს, მას შემდეგ რაც მათ ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.