ვინ აგებს პასუხს ვაკის პარკის შადრევანში დატრიალებულ ტრაგედიაზე – ეს მთავარი კითხვა უკვე ხუთია დღეა პასუხის გარეშეა დარჩენილი. მერის მოადგილემ დღეს მედიას კიდევ ერთხელ განუმარტა რა ეტაპები გაიარა შადრევნისა და კასკადის პროექტმა დასრულებამდე, თუმცა ანდრია ბასილაია კრიტიკულ კითხვებს გაექცა. თქვა მხოლოდ ის, რომ პროექტის დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო. საიდან გაჩნდა შადრევანში მაღალი ძაბვა – ამ კითხვას მერის მოადგილემ არ უპასუხა.
ოპოზიცია კვლავ მერიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრები უსაფრთხოების კომისიის შექმნას მოითხოვენ. საუბარია ახალი მაკონტროლებლის მიერ ყველა იმ ობიექტის შემოწმებაზე, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც “გრინსერვის პლიუსმა” შეასრულა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ უსაფრთხოების ნორმები ვაკის პარკის შადრევნის გარდა სხვა ადგილებზეც დარღვეულია. მათი თქმით, ვაკის პარკის შადრევნის ექსპერტიზა დაწერილია და არა ჩატარებული. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაახლოებით 20-მდე ადგილი ჩამოთვალეს, რომელიც თავიდან არის შესასწავლი.
კახი კალაძის კორუფციულ ინტერესებზე საუბრობენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი თქმით, ის რაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდა – არა უბედური შემთხვევა, არამედ სისტემური პრობლემაა.
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი დედაქალაქის მერს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს. მერის რიგგარეშე სხდომაზე დაბარება მიუღებელია უმრავლესობისთვის. ამბობენ, რომ გამოძიების პროცესის მიმდინარეობისას კითხვების დასმა არარელევანტურია.
ვაკის პარკის ახლადრებილიტირებულ შადრევანში ტრაგედია 13 ოქტომბერს დატრიალდა. მერვეკლასელებს პარკში თამაშის დროს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად შადრევანში შესულ 3 მოზარდს დენმა დაარტყა. მომხდარის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.