“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება, სადაც რუსეთი „ტერორისტულ რეჟიმად“ არის მოხსენიებული. ხატია დეკანოიძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუცია უმძიმესია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. მისივე განცხადებით, რეზოლუციის მეოთხე ჩანაწერით აღიარებულია პუტინის რეჟიმის რეპრესიები და სწორედ ამ კონტექსტში გაკეთდა მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა განმარტა, რომ “ქართულ ოცნებას” შეეძლო კონკრეტული შესწორების გარეშე რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული. ამავე რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვას და მათ გათავისუფლებას. ევროსაბჭოს რეზოლუციას “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხარდაჭერა არ აქვს.