რას ამბობს ვაკის პარკის მებაღე, რომელმაც შადრევნიდან სამი მოზარდი ამოიყვანა | 14.10.2022

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი კონტაქტურია. კლინიკა  ნიუ ჰოსპიტალის ექიმის თქმით, ლაზარემ ბუნებრივად გამოიღვიძა, ტვინის ფუნქციონირება აღდგა და დაფიქსირდა პირველი რეფლექსებიც. მოზარდი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში  რჩება. რაც შეეხება იაშვილის კლინიკაში გადაყვანილ მეორე მოზარდს. 11 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან სახლში უკვე გაწერეს.

ახლა მთავარი კითხვაა – რას იტყვის გამოძიება. ვაკის პარკში, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, ამ დრომდე ჯერ არავინ დაუკავებიათ.  პოლიციაში გამოკითხვაზე  ამ დრომდე იმყოფება კომპანია “გრინსერვის პლიუსის” დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი.  ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, ტარიელ კიკნაძე  რომელიც ამავდროულად იმ კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა, რომელიც ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა, ამბობს რომ ლაშა ფრუცხვანიძე პასუხისმგებლობას გრძობს თუმცა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ვაკის პარკის ახლადრებილიტირებულ  შადრევანში  ტრაგედია გუშინ დატრიალდა.   მერვეკლასელებს პარკში თამაშის დროს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად შადრევანში შესულ 3 მოზარდს დენმა  დაარტყა.  მომხდარის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

მომხდარზე თავდაპირველად გამოძიება  შინაგან საქმეთა სამინისტრომ  სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  მოგვიანებით განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.