ტრაგედია ვაკის პარკაში – ვინ არის დამნაშავე 13 წლის მოზარდის სიკვდილში | 13.10.2022

13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკში არსებულ შადრევანში დენმა დაარტყა გარდაიცვალა. მოზარდი ხეჩინაშვილის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა. გარდაცვლილი მოზარდის ცხედარი კლინიკიდან ექსპერტიზაზე  გადაასვენეს. მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, 13 წლის ბიჭი, რომელიც „ნიუჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება მესამე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაში მკურნალობს და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით მერვეკლასელებს თამაშის დროს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად მისული მოზარდები კი შადრევანში ჩაცვივდნენ. სამივე მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც თვითმხილველი ჩვენთან საუბარში ამბობს გოგონას მდგომარეობა მძიმე იყო, ხოლო მოზარდი ბიჭი კონტაქტური იყო. ადგილზე დილიდან საგამოძიებო მოქმდებები მიმდინარეობდა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები წესით სკოლაში საგაკვეთილო პროცესზე უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ მოზარდები სკოლაში დილიდან არ გამოცხადდნენ რის შესახებაც დამრიგებელმა მშობლებს აცნობა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სკოლამ თავისი ვალდებულება შეასრულა.

“დაისჯება ყველა” – ასეთი იყო დედაქალაქის მერის კახა კალაძის პირველი კომენტარი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე. კალაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში  იმყოფებოდა. თბილისის მერის განცხადებით, ყველას პასუხისმგებლობა დადგება, ვისი მიზეზიტაც ტრაგედია მოხდა. მერი ამტკიცებს, რომ ახლადრეაბილიტირებული შადრევანი, რომელიც მისმა უწყებამ ცოტა ხნის წინ  ჩაიბარა შემოწმებული იყო.

ვაკის პარკში შადრევნის თითქმის 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით კომპანია “გრინსერვის+” აწარმოებდა. კომპანიას 2022 წელს მხოლოდ თბილისის მერიისგან 5 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მიღებული.  ,,გრინსერვის +”-ს ასევე ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს ,,ჯორჯიან იუნიონი”, რომელიც პასუხისმგებელი იყო ელექტრომომარაგებაზე.  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ  შადრევნების კასკადს, სადაც დღეს სამ მოზარდს დენმა დაარტყა ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს ჩაუტარდა. თბილისის მერიამ კი ახლადრეაბილიტირებული  კასკადი და შადრევანი ჩაიბარა. ამიტომ ოპოზიცია პასუხისმგებლობას კახა კალაძეს და მის უწყებას აკისრებს. ოპოზიცია კორუფციულ სქემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ,,გრინსერვის + ” შემჩნეულია ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობაში, რაც მის მიერ მოგებულ მრავმილიონიან ტენდერებზეც მეტყველებს.

თბილისის მერმა ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები გუშინ დაათვალიერა. კახა კალაძემ პარკის ერთი ნაწილიც გახსნილად გამოაცხადა. მერმა თქვა, რომ  ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა, თუმცა დასრულებული შადრევანი დღეს ტრაგედიის მიზეზი გახდა.  გუშინდელი ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა დღეს მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან წაშალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.