ოფიციალური განცხადება რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას კვლავ არ გაუკეთებია | 13.10.2022

საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით, კვლავ არ გაუკეთებია. გუშინ, კრემლმა ყირიმის ხიდზე აფეთქებული მანქანის მარშრუტში მონაწილეები დაასახელა, მათ შორის ქართველები. კრემლი ისევ ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტში რუსეთის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ამ დრომდე უცნობია  გადამოწმდა თუ არა  საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია. პარლამენტის, მთავრობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა თუ უსაფრთხოების სამსახურის ვებსაიტებზე ოფიციალური განცხადებები არ იძებნება. მეორე დღეა ჟურნალისტების კითხვებს მმართველი პარტიიის საპარალმენტო უმრავლესობა პასუხობს. “ქართული ოცნების” დეპუტატები ოკუოპანტი ქევყნის ბრალდებებს პროვოკაციას და აბსურდს უწოდებენ და ამბობენ, რომ  მასზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსკოვის  ბრალდებების ყველა ადრესატმა ФСБ-ს გამოძიება დაგმო.  ამ პერიოდში ბულგარეთმა პრემიერ-მინისტრის დავალებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და რუსეთს დასაბუთებული პასუხი გასცა. გამოძიება დაიწყო სომხეთის გენერალურმა პროკურატურამაც. რუსეთის ბრალდებებზე საქართველოს შემთხვევაშიც ასეთივე დამაჯერებელი პასუხების გაცემის საჭიროებას ხედავენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ოპონენტები ხელისუფლებას დუმილის ნაცვლად შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

რუსეთის ბრალდებებს გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში. კელი დგენანმა თქვა, რომ ყირიმის ხიდთან დაკავშირებით „ბევრი სპეკულაციაა“. ელჩის თქმით, ამერიკა საქართველოს სამართალდამცავ უწყებებთან ათწლეულებია მუშაობს, რათა დაიცვან  საზღვრები და შეაჩერონ აგრესია.

რუსეთმა საქართველო ყირიმის ხიდის აფეთქების თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა. “ეფესბეს” მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. ასაფეტქებელი ნივთიერება რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ახორციელებდა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი სექციის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებს  გაუჩნდა, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა. აფეთქებიდან რამდენიმე საათში ვლადიმერ პუტინმა ტერაქტში დამნაშავედ უკრაინის სპეცსამსახურები გამოაცხადა.