გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა დაგმო | 13.10.2022

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა დაგმო. ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის უკანონო ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებულ რეგიონებში და მოითხოვს, გააუქმოს მისი ანექსიის დეკლარაცია. რეზოლუციის მომხრე 143 ქვეყანა იყო, წინააღმდეგი კი 5, მათ შორის რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სირია და ჩრდ. კორეა. 35-მა კი თავი შეიკავა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის განცხადებით  მსოფლიომ მკაფიო გზავნილი გაუგზავნა რუსეთს, რომ ის ვერ შეძლებს რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლას და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლას.

“მსოფლიოს აბსოლუტურმა უმრავლესობამქვეყნებმა ყველა რეგიონიდან, დიდმა თუ პატარამ, რომლებიც წარმოადგენენ იდეოლოგიებისა და მთავრობების ფართო სპექტრს, ხმა მისცა გაერო წესდების დაცვას და დაგმო რუსეთის უკანონო მცდელობა, განახორციელოს უკრაინის ტერიტორიის ძალის გამოყენებით ანექსია. თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს 143 ქვეყანა დადგა. გაერო წესდების ძირითად პრინციპებზე თავდასხმით, რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს. ამ კონფლიქტის რისკები ყველასთვის გასაგებია და მსოფლიომ საპასუხოდ მკაფიო გზავნილი გააგზავნა: რუსეთი ვერ შეძლებს რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლას. რუსეთი საზღვრებს ძალით ვერ შეცვლის. რუსეთის სხვის ტერიტორიას ვერ მიისაკუთრებს. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, როგორც ყველა სხვა სუვერენულ ქვეყანას. მას უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის თავად არჩევა და მის ხალხს უნდა შეეძლოს მშვიდად ცხოვრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.” – ჯო ბაიდენის განცხადება.