ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება- სტოლტენბერგი | 12.10.2022

“ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვა იქნება” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.  მისი  თქმით, ომი პუტინმა დაიწყო და მანვე უნდა დაამთავროს საკუთარი ძალების უკან გაწვევით. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო მჭიდროდ აკვირდება რუსეთის ბირთვულ პოზიციას და აღნიშნა, რომ არ შეუმჩნევია რაიმე ცვლილებები რუსეთის ბირთვულ მდგომარეობაში, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იქნება ყურადღებით და გააგრძელებს მონიტორინგს.

ბრიუსელში მინისტერიალი დღეს გაიხსნა. 12-13 ოქტომბერს ნატო-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრიც. ჯუანშერ ბურჭულაძემ უკვე გამართა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

მინისტრი ასევე დაესწრება რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრებიც.