ФСБ-ს ყირიმის ხიდზე აფეთქებული მანქანის მარშრუტში მონაწილეებს ასახელებს, მათ შორის ქართველებს | 12.10.2022

რუსეთის გამოძიების ფედერალური სამსახური ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანის მარშრუტში მონაწილეებს ასახელებს.  მათ შორის არიან ქართველებიც. ФСБ-ს ინფორმაციით მათ ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილე რვა პირი დააკავეს. აქედან 5 რუსეთის მოქალაქეა, სამი კი უკრაინის და სომხეთის. ФСБ ამტკიცებს, რომ  ხიდის აფეთქებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სპეციალური სამმართველო და მისი უფროსი კირილ ბუდანოვი მონაწილეობდნენ. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  აგენტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება შენიღბეს და სამშენებლო პოლიეთილენის ფირის ხვეულებში დამალეს, 22 პალეტში, რომელთა საერთო წონა   22 770 კილოგრამი იყო. აგვისტოს დასაწყისში, ტვირთი ოდესის პორტიდან   ბულგარეთის ქალაქ რუსეში გაგზავნეს, უკრაინული კომპანია ტრანსლოჯისტიკსა და ბულგარულ კომპანია Baltex Capital–ს შორის. ბულგარეთიდან ტვირთი საქართველოში, ფოთის პორტში გადაიტანეს, შემდეგ კი სომხეთში. ერევანში ტვირთის განბაჟების შემდეგ საბუთები შეიცვალა და ტვირთი ახალი გამგზავნის სახელით მოსკოვში იქაური შპს–ს სახელზე გაიგზავნა.  ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადატვირთეს.

7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქის რომან  სოლომკოს, ვლადიმერ ვასილიევიჩ ზლობისა და რუსეთის კიდევ ხუთი მოქალაქის დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა. გამგზავნად მითითებული იყო შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო ყირიმში არარსებული კომპანია მითითებული იყო მიმღებად.

ეფესბე ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც მანქანის გამშვებ პუნქტზე შემოწმება ჩანს. ასევე ვრცელდება მანქანის სკანირების ფოტო.

რუსული მედიის ინფორმაციით ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები, მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, ასევე საქართველოს მოქალაქეები: სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

რუსული ФСБ ამტკიცებს, რომ  ტვირთის მოძრაობას მთელ მარშრუტზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს „ივან ივანოვიჩის“ სახელით გააცნო. “ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე ტელეფონი, რომელიც რეგისტრირებულია კრემენჩუგის მკვიდრ სერგეი ანდრეიჩენკოსთან.”- წერს რუსული მედია ФСБ-ზე დაყრდნობით.

რუსეთის ბრალდებებს მალევე უპასუხა ბულგარეთმა. ბულგარეთის მთავრობა აცხადებს, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც რუსეთის გამოძიების ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში ფიგურირებს, ბულგარეთში არასდროს ყოფილა. ბულგარეთის მთვარობა ამბობს რომ არ დაუშვებს მათი ქვეყნის სახელი ვინმემ ტერორისტულ აქტს დაუკაშვიროს.

ФСБ-ს ბრალდებას უპასუხა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმაც. “ФСБ-ს და მთელი მათი საგამოძიებო კომიტეტის საქმიანობა სისულელეა. ისინი პუტინის რეჟიმს ემსახურებიან, ამიტომაც მათ მორიგ განცხადებაზე კომენტარს ჩვენ არ გავაკეთებთ. გასაოცარია, რომ ყირიმის ხიდის რაიონში ჯერ არ უპოვნიათ რამე “სავიზიტო ბარათი“– განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის პრესსამსახურის უფროსმა, ანდრეი იუსოვმა.

რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხთან შემხებლობა არ აქვს. რუსეთის ბრალდებები ჟურნალისტებთან უარყო ფინანსთა მინისტრის მოადგილემაც. გიორგი კაკაურიძე  ამბობს რომ ასაფეთქებლით დატვირთული მანქანა  საქართველოს ტერიტორიაზე  არ ყოფილა  და არც საბაჟო პროცედურები გაუვლია.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი სექციის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებს  გაჩნდა, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა. აფეთქებიდან რამდენიმე საათში ვლადიმერ პუტინმა ტერაქტში დამნაშავედ უკრაინის სპეცსამსახურები გამოაცხადა.