სუს-ის სკნდალური ფაილების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი კიდევ რამდენიმე პირს მიანიჭა | 11.10.2022

ე.წ. მოსმენების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი კიდევ რამდენიმე პირს მიანიჭა.  მათ შორის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტს მალხაზ სონღულაშვილს, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს რუსუდან გოცირიძეს, დედა სიდონიას და დეკანოზ გიორგი მამალაძეს. “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, რომელიც ე.წ. სუს-ის ფაილების საქმეზე რამდენიმე დაზარალებული სასულიერო პირის ინტერესებს იცავს, ეჭვობს, რომ პირადი კომუნიკაციის დარღვევისა და გასაჯაროების ფაქტებზე სამართლებრივი შედეგები არ დადგება.  არასამთავრობო ორგანიზაციის  დამფუძნებლის, თამთა მიქელაძის განცხადებით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ საგამოძიებო უწყებამ  ორგანიზაციას საქმის მასალების გადაცემაზე უარი უთხრა და ადგილზე მხოლოდ არასაიდუმლო ნაწილის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

იურისტები ამბობენ, რომ ე.წ. მოსმენების საქმეზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ არის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გამოკითხვის დროს ყურადღება გამოძიებისათვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებზე არ არის გამახვილებული.

მასალები, რომელის მთავარი ფიგურანტები მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არიან ინტერნეტ სივრცეში 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა. დოკუმენტებში აღწერილია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება.  ირკვევა, რომ უსმენენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.  ასევე, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს. სავარაუდო ფარული ჩანაწერები  2014-2021 წლებით თარიღდება.