სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა | 11.10.2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, ბრალი დაუმძიმდა.  პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ მაღალჩინოსანს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.  საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში.

“ბრალდებულს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.  გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში.  გარდა ზემოხსენებული ახალი ეპიზოდებისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ოსებ გოგაშვილი ასევე ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაშენახვის ფაქტებზე. გარდა ამისა, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ორ დაურეგისტრირებელ და ნათესავის სახელზე რეგისტრირებულ სამ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება, როგორც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების და მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში არსებული ქონების წარმომავლობის კანონიერების დადგენის ფაქტებზე,” – პროკურატურის განცხადება.