პუტინი უკრაინას ემუქრება | 10.10.2022

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების შემთხვევაში “მკაცრი პასუხით” იმუქრება.  ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინა დგას და თქვა, რომ “ასეთი დანაშაულების უპასუხოდ დატოვება” შეუძლებელია.

“8 ოქტომბრის აფეთქება არის ტერორისტული აქტი. ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ასევე აშკარაა, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები და მონაწილეები უკრაინის სპეცსამსახურები არიან. თუკი ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მისი მასშტაბი რუსეთის ფედერაციის მიმართ საფრთხის დონის შესაბამისი იქნება. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.