“პუტინი არ ხუმრობს როდესაც ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე საუბრობს” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენი ამბობს, რომ კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ მსოფლიო არმაგედონის საფრთხის წინაშე არ ყოფილა.
“პირველად კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, გვაქვს პირდაპირი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული ტაქტიკური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს, რადგან მისი სამხედრო ძალები საქმეს ვერ ასრულებენ,” – აცხადებს ჯო ბაიდენი. მისი თქმით, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები შექმნილი მდგომარეობიდან დიპლომატიურ გამოსავალს ეძებენ.
უკრაინის პრეზიდენტი კი თვლის, რომ ნატო-მ პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს რუსეთზე, თუ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას შეეცდება. ავსტრალიურ უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიისადმი მიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა,რომ ნატო-მ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმის განხორციელება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას უკვე მოჰყვარუსეთის რეაქცია. კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ ზელენსკის განცხადება მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებაა.