ნინო ლომჯარიამ საკანონმდებლო ორგანოში 2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. საპარლამენტო ტრიბუნიდან სახალხო დამცველმა 5-6 ივლისის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ მედიაზე ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. ომბუდსმენი აცხადებს, რომ 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და დამძიმდა. თითქმის 400 გვერდიან ანგარიშში საგანგაშოდ არის შეფასებული სასამართლოში, საპატიმროში და სახელმწიფო უწყებებში არსებული მდგომარეობა.
ნინო ლომჯარიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე იზღუდება. ამბობს, რომ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება.
ომბუდსმენი საგანგაშოდ აფასებს სუს-ის მიერ საქართველოს მოქალქეებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს.
ნინო ლომჯარიას ანგარიშში მოხვდა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები: მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძეზე სამართლებრივი დევნა. ლომჯარიამ მთავარ გამოწვევებში ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაეფექტური გამოძიებები დაასახელა. ომბუდსმენს კითხვები აქვს კარტოგრაფების, თემირლან მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩის საქმეებზე. ლომჯარიას ანგარიშში მოხვდა ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენებიც. ომბუდსმენმა აქცენტი მართლმსაჯულების რეფორმაზე გააკეთა და თქვა რომ ხელისულფება განსხვავებული აზრის დევნით არის მოტივირებული რაც სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გასულ წელს ომბუდსმენის ინსტიტუტი ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ორგანიზებული და პოლიტიკური თავდასხმების სამიზნე იყო.