ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ საკუთარ სასამართლო პროცესზე საქალაქო სასამართლოში პირველად მივიდა. სხდომას დასწრო მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილიც, რომელიც ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა და დაცვის მხარის კითხვებს უპასუხა ბრალდებული ჩოგბურთელის დედამ. ნატალია ნაჭყებიამ ნელი დოროყაშვილთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილ რძალთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მან პროცესზე ნელი დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა. გაიხსენა წყვილის ქორწილის დეტალებიც. მოწმემ თქვა, რომ დოროყაშვილს ბასილაშვილის მეჯვარე გარეგნულად არ მოსწონდა. მისივე თქმით, ნიკოლოზს სთხოვა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ნელის გაუხარდებოდა და საკუთარ ქორწილში თავი ბედნიერად ეგრძნო.
ბრალდებული ჩოგბურთელის დედამ თქვა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რომელიც მისი მისამართით გაჟღერდა. ნატალია ნაჭყებიას თქმით, ნელი დოროყაშვილისთვის ბავშვის სიმაღლეზე, წონასა და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი არასდროს აუკრძალავეს. გახმაურებულ საქმეზე ნატალია ნაჭყებიას დაკითხვა 11 ოქტომბერს განახლდება.
ჩვენების მოსმენის შემდეგ ყოფილ დედამთილს ცილისწამებაში ადანაშაულებს ნეკა დოროყაშვილი.
ხმაურიანი ბრალდებების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი მედიასთან საჯაროდ პირველად გამოჩნდა, თუმცა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ცნობილმა ჩოგბურთელმა თქვა მხოლოდ ის რომ ბრალდებას არ აღიარებს.