“ოცნებიდან” წასულ ოთხეულს რამდენიმე დეპუტატი და POSTV-ის წამყვანები შეუერთდნენ | 04.10.2022

“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასულ ოთხ დეპუტატს მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი და პროსახელისუფლებო ტელევიზიის POSTV-ის წამყვანები შეუერთდნენ. ე.წ. ოთხეულის გუნდს ხუთი პარლამენტარი ემატება – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, ირაკლი  ბერაია და ზაალ მიქელაძე. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.  “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა მოძრაობის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა. თქვა, რომ  მათი მოძრაობა იმ საგანგებო გამომწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. მისი თქმით, მოძრაობა “ხალხის ძალა” საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც იმას  ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათ რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ეყოლებათ.

“ქართლი ოცნებიდან” დღეს წასული  დეპუტატები  ამბობენ, რომ მმართველი გუნდი დატოვეს თუმცა, რჩებიან უმრავლსეობაში. ამბობენ, რომ მათ ყოველთვის სურდათ, ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიზეზების შესახებ მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონოდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მოძრაობის ახალმა და მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ,  ტელეკომპანია POSTV-ის  52%-იანი წილი შეიძინა.  მისი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების “სიმართლით აღჭურვა” ესახებათ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პოსტივის 52%-იანი წილი “ქართული ოცნბეიდან” წასულმა დეპუტატმა შეიძინა ტელევიზიის გუნდმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ახლადშექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობას „ხალხის ძალას“ აქტიურად დაუჭერენ მხარს. განცხადებით ირკვევა, რომ  POSTV-ის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. “ხალხის ძალას” შეუერთდნენ ექსპერტები თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი. მოძრაობაში ამბობენ, რომ  ახალი წევრები მნიშვნელოვან წილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას უკავშირდება.

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებითა და ექსტეპრტებით დაკომპლექტებულ მოძრაობა „ხალხის ძალაში“  სულ  25 წევრია. აცხადებენ, რომ მოძრაობის წევრობის მსურველებთან კონსულტაციები გაგრძედდება თბილისსა და რეგიონებში. ჩამოყალიბდება  თუ არა სხალხო მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად და მიიღებენ თუ არა 2024 წლისთვის არჩევნებში მონაწილეობას ამაზე ჯერ არ საუბრობენ.