ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოვ – კინზინგერი | 30.09.2022

“საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველო” ასე ეხმაურება ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი.  აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი ამბობს, რომ „ლუკაშენკოს ვიზიტი უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება“.  „ამერიკის ხმასთან“ წერილობით გაკეთებულ კომენტარში, კინზინგერი ამბობს, რომ ბელარუსის მოქმედი ლიდერისგან გასაკვირი არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიო მესიჯები გააჟღეროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  კინზინგერი თვლის, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში უკრაინაში კრემლის წარუმატებლობებთანაც არის კავშირში. რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს.  ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. მანამდე ის სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან იმყოფებოდა შეხვედრაზე.

“მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია. ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ,” – განაცხადა ადამ კინზინგერმა.