ნატო მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების სტრუქტურები – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ნატო-ში უკრაინის მიერ განაცხადის შეტანის თაობაზე დასმულ შეკითხვას. სტოლტენბერგის თქმით, ყველა დემოკრატიული ქვეყნის უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება.
“ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია შეიტანოს ნატოში განაცხადი და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ამას მუდმივად ვიმეორებთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება და ამის დემონსტრირებას ვახდენთ ბოლო წლებია. მადრიდში, სამიტზე ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი უსაფრთხოების ორგანიზაციის ნაწილი უნდა, რომ იყოს და რა თქმა უნდა შემდეგ ყველა წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს ამას, კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ. ჩვენი მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინისთვის სწრაფი დახმარების მიწოდებაზეა, რუსეთის დაპყრობითი ომის შესაჩერებლად. ამ დროისთვის ძირითადი აქცენტი ამაზე გვაქვს გადატანილი,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.