ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა. დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთთან შეერთების შესახებ შეთანხმებებს რუსეთის პრეზიდენტმა და სეპარატისტმა ლიდერებმა კრემლში, გეორგიევსკი დარბაზში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე მოაწერეს ხელი. აგრესორი ქვეყანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის 4 ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არის მილიონობით ადამიანის არჩევანი, რომლიც მათ ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმებზე დააფიქსირეს. პუტინი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს ხალხის ნებას, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებულად გამოცხადებას და ვლადიმერ პუტინის მოწოდებას უკრაინის ოფიციალური პირები ჯერ არ გამოხმაურებიან, თუმცა ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ახალი ტერიტორიების მიღების ნაცვლად, საკუთარი თავის ანექსირებას მოახდენს. ზელენსკი რუსეთის მოსახლეობას ხელისუფლების წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამოცხადებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე. ბაიდენი სეპარატისტების მიერ ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმებს გმობს და აცხადებს, რომ ე.წ რეფერენდუმები იყო აბსოლუტური სიყალბე, რომლის შედეგებიც მოსკოვში დაამზადეს.
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმებს უკვე მოჰყვა საპასუხო ნაბიჯები შეერთებული შტატების კონგრესისგან. გავლენიანმა სენატორებმა ლინდსი გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომლითაც ვაშინგტონი ყველანაირ ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს იმ ქვეყანებს, რომელიც უკრაინის რეგიონების ანექსიას ცნობს. ინიციატივა კონგრესში 2 ფორმით არის წარმოდგენილი. ერთი სენატის კანონპროექტია, მეორე კი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება. სენატორი ლინდსი გრემი თვლის, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ, რასაც უკრაინელები დიდი ხანია ითხოვენ.
უკრაინის რეგიონების ანექსია საშიში ესკალაცია იქნება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას – ამის შესახებ განცხადებას გაეროს გენერალური მდივანი ავრცელებს. ანტონიო გუტიერეში ამბობს, რომ დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება იურიდიულ ღირებულებას მოკლებული იქნება და დაგმობას იმსახურებს.
უკრაინის ტერიტორიების ანექსიას დღეს კრემლი კონცერტითაც აღნიშნავს. ღონისძიება მოსკოვში წითელ მოედანზე იმართება. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეებს კონცერტზე დასწრებას ფულის სანაცვლოდ სთავაზობს.