“არავისთვის მითხოვია მეგობრობა და პარტნიორობა” – დავით კეზერაშვილი “ნაციონალური მძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას, ბრალდებებს პასუხობს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვრცელ წერილს ავრცელებს და წერს, რომ ოპოზიციის ნაწილი “ქართული ოცნების” რიტორიკით მას თავს ესხმის, მიზანი კი მისი დისკრედიტაციაა. ამბობს, რომ არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს, ჩაერიოს რომელიმე ცალკეული ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგის განსაზღვრაში. კეზერაშვილი ამბობს იმასაც, რომ უარს არ იტყვის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე.
“უკვე მრავალი წელია, სახელისუფლებო მედია, რუსული პროპაგანდის სტილში, არ ერიდება ჩემ მიმართ ტყუილსა და ცილისწამებას. გულდასაწყვეტი სიახლე ისაა, რომ ამდაგვარ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ. ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურის და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი – ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება – ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი. ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ძალებს დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, ვიდრე ეს ვიწროპარტიული გარჩევები. ჩემი ღრმა რწმენით, დღეს წყდება – საქართველო იქნება დამოუკიდებელი, სამართლებრივი, ევროპული სახელმწიფო, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი გუბერნია. დღეს ოპოზიციურ სპექტრში არეულობის შეტანა,დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა უპასუხისმგებლობაა და ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ეს გააძლიერებს ივანიშვილს, რუსულ გავლენებს და გაახანგრძლივებს სახელმწიფოს მიტაცების პროცესს. მე არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა. ერთადერთი, რასაც ვთვლიდი და ვთვლი ჩემ მოვალეობად, გვერდში დავუდგე ყველას, ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა. გვერდში დავუდგე მხოლოდ მათი სურვილისა და პარტნიორობისთვის მზადყოფნის შემთხვევაში. მკაფიოდ ვამბობ – მე არასოდეს ჩავრეულავარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთან, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე. მტერმაც და მოყვარემაც მინდა იცოდეს, რომ არ გამაჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში,” – წერს დავით კეზერაშვილი.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დავით კეზერაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირების შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია შიდა ოპოზიციურ პრობლემაზე რაიმე სახით კომენტარის გაკეთება.
24 სექტემბერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მისი პარტიისთვის სახიფათოა. ნიკა მელიას მიაჩნია რომ კეზერაშვილთან თანამშრომლობით შესაძლოა არაფორმალური გავლენები გაჩნდეს.