რუსეთის სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული მოქალაქეები კვლავ საქართველოს საზღვართან რიგში დგანან. მისი მოქალაქეების მასობრივი მიგრაციის გამო რუსეთი საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან კონტროლს ამკაცრებს. საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში კი რუსეთი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს. თუმცა, არ კონკრეტდება, როდის გაიხსნება სამობილიზაციო პუნქტი. რუსეთის მოქალაქეები სამხედრო ბარათებს პირდაპირ საზღვართან მიიღებენ. საქართველოს საზღვრისკენ რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან ლარსის საზღავრთან რუსი სამხედროები ჯავშანტექნიკასთან ერთად ჯერ კიდევ გუშინ გამოჩნდნენ.
ამ დრომდე ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეების მრავალათასიანი ავტოკოლონა დგას. რუსული სააგენტო „ტასს“-ი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ 27 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ელოდება დაახლოებით 5500 ავტომობილი, მათ შორის 3600-მდე მსუბუქი და 1900 სატრანზიტო, სატვირთო ავტომანქანა. “ტას”-ის ინფორმაციით, 26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მიმართულებით, 37 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ცნობილი ხდება ისიც რომ მოქალაქეებს ნებას დართავენ, ფეხით გადაკვეთონ საზღვარი. უმეტესმა მათგანმა ავტობობილები მიატოვეს და საზღვრამდე გზას ფეხით აგრძელებენ. ამ დრომდე რუსეთის მხრიდან საქართველოში შემოსვლა მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით იყო დაშვებული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ზემო ლარსიდან რუსების უკონტროლო შემოსვლაში და რუსების სამხედრო ჯავშანტექნიკის გაჩენაში პრობლემას ვერ ხედვას. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ეს რუსეთის შიდა საკითხია და საქართველო ამ ეტაპზე საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზებას საფრთხედ არ მიიჩნევს.
პარალელურად, შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 26 სექტემბერს ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველომ პოლიციის დამატებითი ძალები გააგზავნა რუსეთის მოქალაქეების ჭარბ შემოდინებასთან დაკავშირებით. ვახტანგ გომელაური ამბობს იმასაც, რომ ბოლო დღეებიის განვალობაში დაახლოებით 45 პროცენტითაა გაზრდილი რუსების საქართველოში შემოსვლა.
ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეტის მეზობელი ქვეყნების სახმელეთო საზღვრებზე სასაზღვრო პუნქტებს ა ათასობით ადამიანი მიაწყდა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე. ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან კილომეტრიანი რიგები არ წყდება და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით მომავალი მანქანების და ადამიანების ნაკადი ყოველდღიურად იზრდება.