რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“- პარტია ოფისში მომხდარ დაპირისპიერებაზე განცხადებას ავრცელებს | 26.09.2022

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის ოფისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, დაპირისპირება მოჰყვა “TV პირველის” ეთერით გავრცელებულ მასალებს, რომლებიც შეეხებოდა პარტიებში სუს-ის მიერ აქტივისტებად ჩანერგილ ადამიანებს, რომლებიც ინფორმატორების ფუნქციას ასრულებდნენ. ტელევიზიის მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში დაფიქსირებული ხმა, “ნაციონალური მოძრაობაში” ერთ-ერთი აქტიური აქტივისტის ხმას მიამსგავსეს და იგი, გუნდის წევრებთან ერთად, პარტიის ოფისში დაიბარეს. პარტიის ცნობით, აქტივისტი  გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად, პარტიის თავჯდომარის, ნიკა  მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით პროვოკაციის მოწყობა სცადა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.  “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ ეს არ არის ის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და ამაზე საუბარს არ აპირებდნენ, თუმცა როგორც განცხადებაში ვკითხულობთ,  რამდენიმე ადამიანმა საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად მცდარი ინფორმაციის გავრცელება გადაწყვიტა, რის გამოც ჩათვალეს აუცილებლად პოზიციის დაფიქსირება.

“შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაყვანილ იქნენ.უფრო მეტიც, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით,” – “ნაციონალური მოძრაობის” განცხადება.

კონკრეტულ ინციდენტზე პარტიის ლიდერები ბევრს არ საუბრობენ. გავრცელებულ ინფორმაცია კი, რომ ნიკა მელიას თავჯდომარის პოსტიდან გადაყენება იგეგმება, ისინი აბსრუდს უწოდებენ. ამბობენ იმას, რომ პარტიის ოფისში მომხდარი ინციდენტი, პროვოკაცია იყო და მუმლაძის მხრიდან გავრცელებული ბრალდება, რომ  მას ფიზიკურად გაუსწორდნენ  სიცრუეა.