მობილიზაციის მეექვსე დღე რუსეთში – ქვეყანაში პანიკა არ ცხრება. წინააღმდეგობა რუსეთში სულ უფრო მწვავე ფორმას იძენს. რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ უსტ-ილიმსკში მობილიზაციაზე გამოწვეულმა კაცმა კომისარიატში ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი დაჭრა. ფაქტის ამსახველი ვიდეო ტელეგრამ არხზე ვრცელდება. შემთხვევა ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმაც დაადასტურა. ოლქის კომისარიატში სროლა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოხდა. თავდამსხმელი რუსლან ზინინი დაკავებულია. მედიის ცნობით, გასროლამდე წვევამდელმა დაიძახა “ახლა ყველანი სახლში წავალთ”, შემდეგ კი კომისრის, ალექსანდრ ელისეევის მისამართით გაისროლა.
იმ ფონზე, როდესაც ვლადიმირ პუტინი ეგრეთ წოდებული რეფერენდუმით უკრაინის ტერიტორიის მისაკუთრებას ცდილობს, რუსეთიდან მოსახლეობა გარბის. ქვეყნის დატოვების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. იბარებენ ყველას – მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სამხედრო გამოცდილება. ომში იწვევენ ასაკოვან და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მამაკაცებსაც. სავალდებულო სამხედრო მობილიზაციისას გაწვეულებს პუტინი არაადამიანურ პირობებში აცხოვრებს. ამის ამსახველ ვიდეოს ერთ-ერთი წვევამდელი აქვეყნეს და ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებას აჩვენებს. ირკვევა, რომ ოთახებში საწოლები არ დგას და წვევამდელები პირდაპირ იატაკზე წვანან. პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, პირდაპირ ამბობს, რომ იქ დარჩენას არ აპირებს და სახლში მიდის.
მობილიზაციის გამო, რუსეთმა უკე ჩაკეტა როსტოვის ოლქი. რეზერვში მყოფ პირებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა ოფიციალურად აეკრძალათ. ამის შესახებ განცხადება როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა გააკეთა. მისი თქმით, ნებართვის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც მობილიზაციას არ ექვემდებარება.
“არა ომს და არა მობილიზაციას” – რუსეთში დარჩენილი მოქალაქეები აქციებს მართავენ. ქვეყანაში პროტესტი არ ცხრება. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა დაღესტანში. დედაქალაქის ქუჩებში ასეულობით ადგილობრივი გამოვიდა. მოქალაქეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. პროტესტი უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ელექტროშოკები, ხელკეტები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.
ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა, რაც გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. რუსული ფსბ-ს ინფორმაციით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, შაბათი საღამოს მონაცემებით, ქვეყანა 261 000-მა კაცმა დატოვა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყარო ეუბნება, რომ ხელისუფლება აპირებს საზღვრების ჩაკეტვას მობილიზაციის ასაკის კაცებისთვის.მისივე თქმით, აკრძალვის შემოღების სავარაუდო თარიღი 28 სექტემბერია. მეორე წყარო, რომელიც ასევე დაახლოებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ამბობს, რომ ეს მოხდება “რეფერენდუმის შემდეგ”, რომელიც ტარდება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლების 27 სექტემბერს საღამოს დასრულდება. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთიდან გასასვლელად კაცებმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან ნებართვა უნდა მიიღონ. რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი – 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების პირველი შემთხვევაა.