რა ხდება რუსეთში მობილიზაციის მესამე დღეს? – ქვეყანაში სრული პანიკაა | 23.09.2022

რუსეთის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ლარსის გამშვები პუნქტი პარალიზებულია. რუსები, რომლებსაც ომში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ საკუთარ ქვეყანას მასობრივად ტოვებენ და უცხო ქვეყნებში თავშესაფრის მიღებას ცდილობენ. ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი საქართველოა. ლარსის საბაჟოს გარდა განსაკუთრებულ რეჟიმში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც მუშაობს. რუსეთიდან საქართველოსკენ მომავალი ავტომობილების მრავალკილომეტრიანი საცობი ვლადიკავკაზიდან იწყება. ის ვინც, საქართველოს საზღვარს ღამით მოადგა, ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დრომდე ვერ შემოდის. “მობილიზაციას” გაქცეული რუსები საქართველოს საზღვარზე გადმოსასვლელად სკუტერებსაც ქირაობენ, რადგან მანქანით ძალიან დიდ საცობში უწევთ დგომა.

რა ხდება რუსეთში მობილიზაციის მესამე დღეს –  ქვეყანაში სრული პანიკაა. ხალხი სამხედრო კომისარიატებში იძულებით მიჰყავთ.  იბარებენ ყველას – მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სამხედრო გამოცდილება. ომში იწვევენ ასაკოვან და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მამაკაცებსაც. მოსკოვის ქუჩებში პატრულირება დაიწყო. მეტროსადგურების შესასვლელებთან ადამიანებს აჩერებენ და პასპორტებს მონაცემთა ბაზის მიხედვით უმოწმებენ. ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ამგვარი მეთოდებით მობილიზაციის ფონზე რუსეთმა შესაძლოა ახალწვეულთა სასურველი რაოდენობა მოაგროვოს, თუმცა მათგან მხოლოდ ცუდ ჯარისკაცებს მიიღებს. ეს კი Telegram არხებში გავრცელებულ ვიდეომასალაში უკვე შეინიშნება.

პარალელურად, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთი მობილიზაციას არ გეგმავს, რადგან გეგმა უკვე გადაჭარბებით შეასრულეს. კადიროვი საკუთარ Telegram არხზე წერს, რომ  გაწვეული სამხედროების გარდა, ჩეჩნეთში მოხალისეთა რეზერვიც არსებობს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამშობლოს აუცილებლად დაეხმარება.

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა, რაც გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაიონასთან საომრად გაიწვევენ პირველ რიგში მათ, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს. თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ გაწვევას დაექვემდებარება 300 ათასი ადამიანი, თუმცა მობილიზაციის გამოცხადების შესახებ განკარგულებაში გასაიდუმლოებულია ის ნაწილი, რომელიც  გასაწვევ პირთა რაოდენობას ეხება. გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი მილიონამდე ადამიანის გაწვევას გეგმავს. რუსეთში უკმაყოფილება პიკს აღწევს, ამიტომ ქვეყნის დატოვების სურვილი ახლა ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მასობრივი გადინების შესაჩერებლად, რუსეთის ხელისუფლებამ საზღვრები სრულად ჩაკეტოს. ქვეყანაში დარჩენილი რუსები კი საპროტესტო აქციების გამართვას ცდილობენ და პუტინის რეჟიმი მათ სპეცრაზმელებს უპირისპირებს.