ოკუპანტი რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ 4 ოლქში ე.წ რეფერენდუმს ატარებს | 23.09.2022

ოკუპანტი რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ 4 ოლქში ე.წ რეფერენდუმს ატარებს. ოკუპირებული დონეცკის, ლუჰანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი დღეს დილიდან დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობას მხოლოდ ერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა – უჭერენ თუ არა მხარს რუსეთის შემადგენლობაში ფედერაციის სუბიექტის სახით შესვლას. ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი სამი კითხვაა დასმული – “გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?”. ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით რუსული ძალები მოქალაქეებს ე.წ. „რეფერენდუმში“ ხმის მიცემას დაშინებით აიძულებენ. ასევე სთავაზობენ ფულად ჯილდოებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. “საარჩევნო უბნები” რუსეთშიც გაიხსნება, რადგან დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი იქ იმყოფება. ოფიციალური კიევი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ეს ქმედებაც კრახით დასრულდება.