პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაცი შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთსაც შეეხოს აფხაზეთის ე.წ.-მა სამხედრო კომისარმა განაცხადა, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ნაწილობრივი მობილიზაციის აუცილებლობას მომავალ საშემოდგომო გაწვევაზე.
„ჩვენ სწორად მივიღეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლა. ნაწილობრივ ეს ეხება ჩვენი რესპუბლიკის მაცხოვრებლებს. თუ საჭიროა ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარება, ბუნებრივია, ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა ოფიციალურ ცალკე მითითებას მივიღებთ“, – განაცხადა Sputnik.Abkhazia-სთან ინტერვიუში ე.წ. სამხედრო კომისარმა ბესლან ტარბამ.
მოგვიანებით, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბესლან ტარბას კომენტარი „არ ასახავს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას და კერძო მოსაზრებაა”.
“უწყებაში” ამბობენ, რომ ისინი ასრულებენ „დავალებებს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში ადრე დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად“.
დღეს სოხუმის რეჟიმმა ე.წ. უშიშროების საბჭო სხდომას გამართა, სადაც, მარიონეტმა ბჟანიამ მოისმინა ე.წ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, “თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის”, ვასილი ლუნევის მოხსენება შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო მდგომარეობის შესახებ დაძაბულ ვითარებაში.
გუშინ დილით, მობილიზაციის გამოცხადებისთანავე უკვე 21 სექტემბრის არცერთი ბილეთი აღარ იყო გაყიდვაში. რუსები საჰაერო გზით ძირითადად თურქეთში, ერევანში, თბილისში,ბაქოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ბელორუსში მიდიან. დიდი არჩევანი მათ არ აქვთ, რადგან სანქციების გამო საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის შეჩერებულია. სამობილიზაციო ასაკის რუსი მამაკაცები ძირითადად ისეთ ქვეყნებში მიდიან, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ.
რუსეთის მოქალაქეების ნაწილს, ვინც მობილიზაციას ექვემდებარება, გაწვევის დოკუმენტს დამსაქმებლების საშუალებით გადასცემენ. ამის შესახებ მედია რამდენიმე მსხვილი საწარმოს თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს. მობილიზებულთა პირველ პარტიას უკრაინაში უკვე რამდენიმე კვირაში გაუშვებენ.