“როდესაც ვამბობთ, საქართველოში ოლიგარქთან დაკავშირებული პრობლემებია, ბიძინა ივანიშივლი იგულისხმება” | 21.09.2022

“განცხადებები იმასთან დაკავშირებით რომ ამერიკიდან, ან ევროპიდან, ვინმეს სურს საქართველოს ომში ჩართვა, სრული ამბსურდია” – ასე პასუხობს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი მმართველი გუნდის მიერ დასავლეთის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს. ევროდეპუტატი ე.წ მეორე ფრონტის გახსნის საკითხს სრულ აბსურდს უწოდებს და საქართევლოს მთავრობას ურჩევს მკაფიოდ დააფიქსირონ აქვთ თუ არა პროდასავლური კურსი.  ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს უკრაინის ომზე, თავდასხმებზე  დასავლეთზე,  ევროკომისიის  12 რეკომენდაციის შესრულებაზე და დეოლიგარქიზაციაზე. ანდრიუს კუბილიუსმა  განმარტა, რომ როდესაც ევროკომისია და ევროსაბჭო ამბობენ,  რომ საქართველოში ოლიგარქთან დაკავშირებული პრობლემებია, ბიძინა ივანიშივლი იგულისხმება.

“მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო ხილვადი გაეხადა და გაეღრმავებინა. არ მესმის, რატომ აირჩიეს ასეთი სტრატეგია, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების დადანაშაულების სტრატეგია, თითქოს ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ომში ჩავითრიოთ. ეს სრული ნონსენსი, სრული პოპულიზმია. დასამატებელიც არაფერია: “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაწყვიტოს სურთ თუ არა მათ, რომ ევროკავშირში გაერთიანდნენ, რადგან ამან შესაძლოა კრემლის წინააღმდეგობა გამოიწვიოს. ახლა რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს. “ქართული ოცნების” წევრებმა და ქართველმა ხალხმა, ალბათ, ჩემზე უკეთ იციან, მაგრამ მე შემიძლია მაგალითები მოვიყვანო. როგორც მე ვიცი, რამდენიმე მინისტრი დღევანდელ კაბინეტში ის ხალხია, ვინც მისი ასისტენტი, თუ მცველი იყო და ა.შ. ბიძინა ივანიშვილის როლი მთავრობის ფორმირებაში ძალიან ნათელია. “ქართული ოცნების” ქმედებებზე მისი გავლენა ძალიან დიდია. ნათელი მტკიცებულება იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, ევროკომისიის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა და თავის წერილში ის განმარტავდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არაა. რატომ უნდა ნერვიულობდეს პრემიერ-მინისტრი იმაზე, არის თუ არა ვინმე ოლიგარქი, თუ მას გავლენა არ აქვს? ასე რომ, ნამდვილად ისე ჩანს, რომ მთავრობას, როგორც მინიმუმ, მთავრობის ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილი აიძულებს, რომ დაიცვას ბიძინა ივანიშვილი. როდესაც ევროკომისია და ევროსაბჭო ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქთან დაკავშირებული პრობლემებია, და რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ბიძინა ივანიშვილს, ღიად გეტყვით, რომ ახლა ვხედავთ, ევროკავშირის მხრიდან გაცილებით უფრო ამბიციური გაფართოების შესაძლებლობების ფანჯარას და ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა ომს მოიგებს, ინტეგრაციის საკითხები უფრო სწრაფად განვითარდება და სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებულები, რომ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ და ევროსაბჭომ პრობლემებზე ისაუბრეს, საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ვერ გაითავისა, რეალურად რა დევს სასწორზე და რომ მათი პასუხისმგებლობა საქმის სწორად კეთებაა,” – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.