გახდება თუ არა პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მიზეზი | 21.09.2022

უკრაინული მედია და რუსული ტელეგრამ არხები იტყობინებიან, რომ  რუსებმა საპროტესტო აქციები დაანონსეს.  რუსული სამოქალაქო მოძრაობა „ვესნა“ სოციალურ ქსელებში წერს, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ნიშნავს  ათასობით რუსი კაცი ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩააგდოს. რისთვის დაიღუპებიან ისინი? დედები და ბავშვები რისთვის დაღვრიან ცრემლებს”- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. გადაწყვეტილება უკვე დღეიდან ამოქმედდა. გავრცელებულ მიმართვაში პუტინმა თქვა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

“სამხედრო სამსახურში გაწვევას მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც ამ მომენტში თადარიგში არიან და პირველ რიგში ისინი, ვინც გაიარა სამხედრო სამსახური, აქვს გარკვეული სამხედრო  სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. სამხედრო სამსახურში გაწვეულები ნაწილში გაგზავნამდე აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე.  ვსაუბრობთ უცილებელ, გადაუდებელ ნაბიჯებზე რუსეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი თანამემამულეების სურვილისა და ნების მხარდაჭერაზე, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და დასავლური ელიტების ნაწილის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი დომინირება და ამისათვის ცდილობენ დაბლოკონ განვითარების სუვერენული დამოუკიდებელი ცენტრები, რათა გააგრძელონ თავიანთი ნების უხეში დაწესება სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობლიზაციის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაციები, რომ რუსეთში მოქალაქეებს ქუჩებში აჩერებენ და შესაბამისს უწყისებს აბარებენ. პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ Google -ის საძიებო სისტემაში ახალი ტენდენცია გაჩნდა. თუ ბოლო ორი დღე, Google Trend–ის მონაცემებით რუსეთიდან ძებნის უმაღლეს დონეს მიაღწია ფრაზამ “როგორ წავიდე რუსეთიდან“, ახლა უკვე ახალი ჰიტი გამოჩნდა: “როგორ მოვიტეხო ხელი“– ეს არის კითხვა, რომლითაც რუსები ყველაზე მეტად ინტერესდებიან. სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შანსები სამობილიზაციო ნაწილისთვის მცირეა, რადგან ამ კატეგორიას ქვეყნის დატოვება ეკრძალება. შესაბამისად, როგორც ჩანს რუსები ომში წასვლისგან თავის არიდების ალტერნატიულ გზებს ეძებენ.