სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გრძელდება. “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა და თქვა, რომ ყველაზე მეტად საგანგაშო NDI-ის კვლევაში ევროკავშირის მხარდაჭერის ინდექსი იყო, რომელიც შემცირდა. სიტყვით გამოსვლისას, ნიკა გვარამიამ ოპოზიციურ სპექტრს მიმართა და თქვა, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას არა პრობლემების მოგვარების გზები უნდა შესთავაზოს, არამედ თავად მოაგვაროს ის.
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კახა დამენიას კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. პროკურატურა “მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა. გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
შეიცვლება თუ არა საქალაქო სასამართლოს განაჩენი – გადაწყვეტილება ახლა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ უნდა მიიღოს. ნიკა გვარამიას საქმის განხილვა 4 ოქტომბერს განახლდება.