“მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა „ნაცების“ პერიოდს რამდენჯერმე გადააჭარბა ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში გაგვსვარა ყველა, პრემიერიდან დაწყებული „ოტოშნიკით“ დამთავრებული” – სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგააშვილი კიდევ ერთ სკანდალურ წერილს ავრცელებს და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მასშტაბურ მოსმენებში ამხელს. გოგაშვილის თქმით კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო მისიების და რელიგიური კონფესიების. გოგაშვილი წერს, რომ უკანონო მოსმენებს დაახლოებით, 2 000 ოპერატიული მუშაკი ახორციელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი მიმართვაში აღწერს, თუ როგორ მუშაობს ე.წ. მოსმენების სქემა.
“უკანონო მოსმენები რომ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ეს უკვე ყველამ იცის. ამ მძიმე უფლების დარღვევას სამწუხაროდ საზოგადოება მიეჩვია და ყურადღებას აღარ აქცევს სათანადოდ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცების პერიოდს. ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ მრწამსისა., უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი. თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა. ოტოს შემოწმებას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თუმცა ეს ფიქტიურია. ინსპექტორი წინასწარ უკავშირდება სუს-ის უფროსსა და აფრთხილებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. სუს-ის უფროსი თავის მხრივ აფრთხილებს ოტოს უფროსს და გეგმიური შემოწმების დროს უკანონო მოსმენები ჩერდება. ე.წ ,,ვიპ პერსონების’’ საუბრებს ოტო უგროვებს ივანიშვილს და ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის მას. ჩემს პერიოდში ოტოდან ბექა მამარდაშვილი მე მიგზავნიდა ამ კრებსებს, რომელსაც ვამუშავებინებდი სპეციალურ ჯგუფს და ყოველ მეორე დღეს ვატანდი ჩემს თანამშრომლებს ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ მინისტრთან, რა თქმა უნდა გომელაური იღებდა სრულ პატაკს. ივანიშვილი, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს (სუს-სა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა,” – წერს სოსო გოგაშვილი.