გახმაურებული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში. გახდება თუ არა გასაჯაროვებული მტკიცებულებები ცნობილი ქართველი სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პატიმრობის საფუძველი? – ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნელი დოროყაშვილმა დღეს მოსამართლეს სავარაუდო ძალადობის დამადასტურებელი ყველა ვიდეო და აუდიომტკიცებეულება წარუდგინა. სისტემატიური ფიზიკური ძალადობის გარდა, ქალმა საქართველოს პირველი ჩოგანი თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაშიც დაადანაშაულა. დღევანდელ პროცესზე მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე და წარმოადგინა ვიდეომტკიცებულება, რომელშიც დოროყაშვილის თქმით, მას ბასილაშვილი ჩოგნებით სავსე ჩანთას ურტყამს. ჩანაწერი 2018 წელს, შეერთებულ შტატებში ყოფნის პერიოდშია გადაღებული. დოროყაშვილი განმარტავს, რომ ძალადობა დიდხანს გრძელდება და ჩანთის ჩარტყმის შემდეგ, ბასილაშვილმა მას ხელიც დაარტყა.
ნელი დოროყაშვილის თქმით, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი აბაზანაში იკეტებოდა და მუსიკას ხმამაღლა რთავდა და ამით მის ბოლომდე განადგურებას ცდილობდა. დოროყაშვილის განმარტებით, ბასილაშვილი მას სისტემატიურად ავიწროვებდა, ზეწოლის ინსტრუმენტად კი ფინანსებს და საბანკო ბარათსაც იყენებდა, რომელიც ოჯახს საერთო ჰქონდა. მისი თქმით, მეუღლე მას თითოეულ თეთრს უკონტროლებდა.
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გახმაურებული პროცესის პირველი ეტაპი დასრულებულია. ახლა სასამართლო ბასილაშვილის ადვოკატების მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადადის. დოროყაშილი-ბასილაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 27 სექტემბერს 10:00 საათზე გაიმართება.